რეზიუმეს შედგენისას გასათვალისწინებელი რჩევები

როგორ შეადგინოთ თქვენი რეზიუმე CV
რეზიუმე თქვენი სავიზიტო ბარათია, რომლითაც წარადგენთ საკუთარ თავს დასაქმების ბაზარზე. პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ მოახდენთ პოტენციურ დამქირავებელზე. დამოკიდებულია სწორედ თქვენს რეზიუმეზე. შერჩევის პროცესის პირველ ეტაპზე დამქირავებლებს გადაწყვეტილება ხშირად სწორედ რეზიუმედან გამომდინარე გამოაქვთ. ამიტომ, ეფექტური რეზიუმეს შედგენას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეფექტური რეზიუმეს შედგენის 6 საფეხური
1.

პირადი დეტალები – ეს ნაწილი უნდა იყოს ძალიან მოკლე (მაქსიმუმ 3 ხაზი) და მოიცავდეს თქვენს სრულ სახელს, ტელეფონის ნომერს და ელ. ფოსტის მისამართს. სწორად მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა დამქირავებელმა შეძლოს თქვენთან დაკავშირება.

2.

სამსახურებრივი გამოცდილება –ჩამოთვალეთ თქვენ მიერ შესრულებული პროფესიული როლები. დაიწყეთ თქვენი ბოლო სამსახურით და მიჰყევით ქრონოლოგიურად. არ არის აუცილებელი დაასახელოთ ყველა სამუშაო ადგილი. მაგალითად, შეგიძლიათ გამოტოვოთ ის პოზიციები, რომლებზეც ადრეულ ასაკში მუშაობდით და რომლებსაც არ აქვთ შეხება იმ თანამდებობასთან, რაზეც განაცხადს აკეთებთ. დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს რელევანტური და რა არა, მაგრამ, ამავდროულად, შეეცადეთ სამსახურეობრივ ისტორიაში არ გქონდეთ გამოტოვებული პერიოდები.

3.

განათლება – მიღებული განათლების ჩამონათვალი დაიწყეთ უმაღლესი განათლებით – ყველაზე ბოლოს მიღებული ხარისხით/სერთიფიკატით და მიჰყევით ქრონოლოგიურად. მიუთითეთ სწავლის პერიოდი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და, შედეგად მიღებული ხარისხი/დიპლომი/სერთიფიკატი.

4.

ენები – უცხო ენების ცოდნა უპირატესობად ითვლება. აუცილებლად გაუსვით ხაზი უცხო ენების ცოდნას თქვენს რეზიუმეში.

5.

კომპიუტერის ცოდნა – თანამედროვე სამსახურები ხშირად საჭიროებენ კომპიუტერის სხვადასხვა დონეზე ცოდნას. ვაკანსიის მოთხოვნებით გათვალისწინებული აუცილებელი კომპიტერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ქონა თქვენი უპირატესობაა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მათი აღნიშვნა თქვენს რეზიუმეში.

6.

შეჯამება – უნდა იყოს მოკლე და მოიცავდეს მნიშვნელოვან, რელევანტურ საკითხებს. მიმოიხილეთ სწორედ ის სამსახურებრივი გამოცდილება, რომელსაც კავშირი აქვს გამოცხადებულ პოზიციასთან, რომლის მიღებაც გსურთ. გააკეთეთ აქცენტი იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს თქვენი სამსახურში აყვანა კომპანიას, რომლის წევრიც გსურთ რომ გახდეთ და რამდენად შესაფერისი კადრი ხართ იმ თანამდებობისთვის, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.

ფორმატი, მოცულობა და სტილი

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს რეზიუმეს ერთი კონკრეტული „სწორი ფორმა“, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანამდებობაზე აკეთებთ განაცხადს. თუმცა, ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო რელევანტურია რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია, მით უფრო მეტია მისი ეფექტურობა. დამქირავებლები აღნიშნავენ, რომ რეზიუმეში არარელევანტური ინფორმაციის არსებობამ შეიძლება შეამციროს კანდიდატის გასაუბრებაზე მიწვევის ალბათობა.

არარელევანტური ინფორმაციის მაგალითია ჰობი, ან ისეთი თანამდებობები, რომლებიც კანდიდატს ეკავა ძალიან დიდი ხნის წინ და მათ არაფერი აკავშირებს იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაზეც კეთდება განაცხადი. თუმცა, მოხალისეობრივი და სათემო/საზოგადოებრივი  საქმიანობა რელევანტურია და უნდა აღინიშნოს, რადგან ეს სფეროები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სულ უფრო მეტი ორგანიზაციისთვის.

აქცენტი გააკეთეთ თქვენს იმ უნარებზე და გამოცდილებაზე, რომელიც ნათელს ხდის სასურველ პოზიციაზე შესასრულებელ მოვალეობებთან თქვენს შესაბამისობას. სადაც საჭიროა, შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ თანახმა ხართ დამქირავებლის მიერ წამოყენებულ კონკრეტულ მოთხოვნებზე, მაგალითად სხვა ქალაქში/ქვეყანაში გადასვლაზე. ასევე, წინა დამქირავებლებისგან სარეკომენდაციო წერილების ქონის შემთხვევაში, ყოველთვის მიუთითეთ, რომ შეგიძლიათ მათი წარმოდგენა.

მნიშვნელოვანია, ასევე თქვენი რეზიუმეს გაფორმებაც. ყურადღება მიაქციეთ, რომ მას ჰქონდეს პროფესიონალური სახე და არ ჰგავდეს მოთხრობას. შეამოწმეთ, რათა არ იყოს შეცდომები. სასურველია, დაატიოთ ერთ გვერდზე, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, შეეცადეთ, ყველა საკვანძო საკითხი თავმოყრილი იყოს პირველივე გვერდზე.

მარტივი და მოწესრიგებული
  • გამოიყენეთ ისეთი შრიფტი რომელიც ადვილად იკითხება’
  • შეეცადეთ, რომ რეზიუმეს ყველა ნაწილი იყოს მოკლე და ყველა აბზაცი იწყებოდეს ახალი ხაზიდან;
  • გასაუბრებისას ჩაიცვით წესის შესაბამისად, თუმცა ამავე დროს მოსახერხებლად;
  • მოერიდეთ არასტანდარტულ ფორმატირებას. თითოეული თანამდებობა აღწერეთ ცალკე აბზაცში და შეეცადეთ ყველა პოზიცია, დამქირავებლის სახელწოდება და მუშაობის დაწყება/დასრულების თარიღები ადვილად იყოს შესამჩნევი.